გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, სასწრაფოდ გაუწიოს დახმარება პაკისტანს, რომელიც მასშტაბური წყალდიდობის გამო, ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.
პაკისტანის დატბორილ რაიონებში ვიზიტის დროს გუტერეშმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ქვეყანას ყოვლისმომცველი ფინანსური მხარდაჭერა უნდა გაუწიოს კრიზისის დასაძლევად.
"ეს იქნება არა გულუხვობა, არამედ სამართლიანობა", - თქვა გენერალურმა მდივანმა, რომელიც სტიქიურ უბედურებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებს.
გაეროს მონაცემებით, პაკისტანი ერთ-ერთია იმ ათ ქვეყანას შორის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა მსოფლიოში კლიმატის ცვლილებით, მაშინ როდესაც ქვეყნის წვლილი ნახშირორჟანგის გამოყოფაში მხოლოდ 1 პროცენტია.
"ისლამაბადიდან გამოვდივარ გლობალური მოწოდებით, შეაჩერეთ ეს სიგიჟე. დაუყოვნებლივ დაიწყეთ ინვესტიცია განახლებად ენერგიაში. შეაჩერეთ ომი ბუნებასთან", - ამბობს გუტერეში.
აგვისტოს ბოლოს ძლიერმა მუსონურმა წვიმებმა და ჩრდილოეთ პაკისტანის მთებში მყინვარების დნობამ გამანადგურებელი წყალდიდობა გამოიწვია, რამაც დატბორა ქვეყნის 30%-ზე მეტი და ის "წარმოუდგენელი მასშტაბის კრიზისის" წინაშე დააყენა.
ხელისუფლების ცნობით, სტიქიის შედეგად 1390-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 33 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს, რადგან ასობით სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მთიან რეგიონებში
გაეროს მონაცემებით, პაკისტანში დაახლოებით ექვსი მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა. ქვეყნის მთავრობა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს 30 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს.
გარდა ამისა, სტიქიამ დააზიანა 4 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, დაიღუპა თითქმის 800 000 პირუტყვი, რის გამოც რეგიონში სურსათის კრიზისია მოსალოდნელი.