კონტროლის პალატამ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში „ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის" მიმდინარეობაში დარღვევები აღმოაჩინა.
პალატის ინფორმაციით, მაკონტროლებელმა უწყბამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში „ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის" (დიალიზის პროგრამის) ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტი 2007 - 2009 წლების პერიოდს მოიცავს.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მართვაში კონტროლის პალატამ გამოავლინა შემდეგი დარღვევები: დიალიზის სეანსის ღირებულება, რომელიც 2009 წელს 90 ლარიდან 120 ლარამდე გაიზარდა, დადგენილია უსაფუძვლოდ, ყოველგვარი გაანგარიშების გარეშე, რაც საბიუჯეტო სახსრების უკონტროლოდ და არამიზნობრივად ხარჯვას იწვევს, კერძოდ:
კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე ცნობილი ხდება, რომ სამინისტრო კომპანია „ვია-ვიტასგან" ყიდულობს ძვირადღირებულ სადიალიზე მასალას, რომლის ფასი ხელოვნურადაა გაზრდილი. საქართველოში აღნიშნული მასალის ღირებულება, რომელიც პროგრამის 80% ფარავს, 60%-ით აღემატება აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ფასებს;
იმავდროულად მითითებული მასალის ფასები 100%-ით აღემატება პროგრამაში გამოყენებული შპს „ჯანის" მიერ მიწოდებული იდენტური ხარისხის მასალის ღირებულებას, რის გამოც ბიუჯეტმა 6.5 მილიონი ლარით იზარალა; ტენდერში გამარჯვებულ სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში ე.წ. დარგის განვითარებისა და არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოში არამიზნობრივად აუნაზღაურდათ 2.6 მილიონი ლარი, რითაც სეანსის ღირებულება დამატებით ხელოვნურად გაიზარდა.
აუდიტის დასკვნით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი დიალიზის სეანსის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 80 ლარს, რომელიც 40 ლარით ნაკლებია მოქმედ ფასზე. 2007-2010 წლებში აღნიშნული სხვაობით ბიუჯეტისათვის მიყენებული ზარალის ოდენობამ 14 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამ წლებში ბიუჯეტიდან პროგრამულად გაწეული ხარჯის 25%-ს შეადგენს.
2011 წლიდან პროგრამის დასაბუთებული გაანგარიშების საფუძველზე, ერთი მხრივ, წლიურად 5.15 მილიონი ლარით დაიზოგება საბიუჯეტო სახსრები, და, მეორე მხრივ, პროგრამაში ჩაერთვება ყველა ის 150-ზე მეტი პაციენტი, რომელთა სიცოცხლესაც, სეანსის სიძვირის გამო, საფრთხე ემუქრებოდა.