სოჭში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იტალიის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის ხვდება. შეხვედრა, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთ-იტალიის სახელმწიფოთაშორისი კონსულტაციების ფარგლებში მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ვიწრო წრეში იმართება და მისი დასრულების შემდეგ სხდომა უფრო ფართო შემადგენლობით შეიკრიბება. სავარაუდოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედვედევი და ბერლუსკონი პრესკონფერენციას გამართავენ.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ აღნიშნულ კონსულტაციებზე რიგი შეთანხმების გაფორმება იგეგმება, მათ შორისაა აღმასრულებელი ოქმი რუსეთსა და ევროკავშირს შორის რეადმისიის შეთანხმების რეალიზაციის შესახებ.
სახელმწიფოთაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეების მიერ სოჭში ასევე ხელი მოეწერება ერთობლივ განცხადებას _ რუსეთის ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატტინი ხელს მოაწერენ მოდერნიზაციის სფეროში შეთანხმებას ორმხრივი პარტნიორობის შესახებ.