ხანძარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში - რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი იწვის. "გურიანიუსის" ინფორმაციით, ცეცხლი პირველი სადარბაზოს მეორე სართულის ბინიდან გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერიც.
როგორც ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დაუდგენელია.
„ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაცია. ადამიანები გამოყვანილი არიან ბინებიდან. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. არც სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირვებია ვინმეს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე იმყოფება ოთხი სახანძრო მანქანა“, – განაცხადა დავით შარაშიძემ.