ოპოზიციურმა პარტიებმა სერიოზული შეცდომები დაუშვეს, მათ გადაწყვიტეს, რომ უპირატესობა რევოლუციური გზით მოიპოვონ და რამდენჯერმე არ გამოუვიდათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხურ მდგომარეობაში ჩაიყენა.
„საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლის რესურსის გამოყენება სურდათ, ასევე იყო სხვა მცდელობები, მაგრამ საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ საითკენ მიდის მათი პოლიტიკური ინტერესი, სად იწყება და სად მთავრდება. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რევოლუციური პროცესი განავითარო, ისეთი განაცხადია, საიდანაც უკან დახევა მათთვის პოლიტიკური დივიდენდის დაკარგვის ტოლფასია. ისინი მზად არ არიან, თემებზე იმსჯელონ. მას შემდეგ, რაც სახელი და ავტორიტეტი შეირცხვინეს, თუ გააჩნდათ, ამის შემდეგ უკან დახევა და ნორმალურ ფორმატში ყოფნა უჭირთ. საკუთარი თავი ჩიხურ მდგომარეობაში ჩაიყენეს. რევოლუციური პროცესი ვერ განავითარეს და თითქოსდა უკან დამხევი განცხადებები გააკეთეს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ პოზიციას ვერ თმობენ, რაც თავიდანვე იყო გაცხადებული – არეულობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სცენარი. აქედან უკან ვერ იხევენ და არც საზოგადოებას და არც ქვეყნის უსაფრთხოებას არ ითვალისწინებენ. რევოლუციურ სცენარს ვერ თმობენ და დაანონსებული იყო ცხელი გაზაფხული და შემოდგომა, ალბათ იქნება ზამთარიც, მაგრამ ეს არის ის, რაც ქვეყანას არ სჭირდება. არათუ არ სჭირდება, არამედ ჩვენთვის სტაბილურობა და უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ადამიანები კი, იმას უპირისპირდებიან, რაც ქვეყანას სჭირდება – მშვიდობა და სტაბილურობა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.