სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აქვეყნებს.
"ჩემს მიერ გამოქვეყნებული დიალოგი არის მიახლოებითი აღწერა იმ სიტუაციისა, როდესაც ხდება გაფუჭებული საქმის გამოსწორება. მე პირადად არაერთხელ დავსწრებივარ მსგავს თათბირს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს სიმართლეს. ოცნება თავისი რუსული კრიმინალური მენტალობიდან გამომდინარე მე აღმიქვამს მოღალატედ და ჩამშვებად. ვერ ხვდებიან, რომ ამით ისინი ადასტურებენ ჩემს მიერ გაჟღერებულ კრიმინალურ ფაქტებს. დიახ, თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას, ხოლო მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი", - წერს გოგაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს.
18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.