აშშ საქართველოს მართლაც ყველაზე ძლიერი, ეფექტური მხარდამჭერია, მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-საც ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
„ჩვენ საკმაოდ ვრცელი და გრძელვადიანი საუბარი გვქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით იმ ჩვენს ყოფილ თანაფრაქციელებთან და ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ კომენტარები ამ საკითხებთან დაკავშირებით არ გავაკეთოთ, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ხაზები გვაქვს, ურთიერთობის ჩვენი არხები გვაქვს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რასაკვირველია აშშ-სთან. ერთს დავამატებ მხოლოდ. ამერიკის შეერთებული შტატები მართლაც ყველაზე ძლიერი და ყველაზე ეფექტური მხარდამჭერია საქართველოსი. აშშ-ზე მაქვს საუბარი, მის ადმინისტრაციაზე, მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-საც, ასეთი ერთგული დასაყრდენი, პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე, რეგიონში არ ჰყავს. აქედან გამომდინარეობს ის კომენტარი, რაც გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა და რასაც მე გეუბნებით ახლა თქვენ. ამის იქით რაიმე კომენტარი არ გამაჩნია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 11 აგვისტოს, "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა - მორიგი განცხადება გაავრცელეს, სადაც აშშ-ის საელჩოს ხელისუფლების გადატრიალების განზრახვაში ადანაშაულებენ.