საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს 17 დიაგნოზი აქვს დასმული. ამის შესახებ გიორგი სააკაშვილმა კლინიკა "ვივამედთან" განაცხადა, სადაც ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.
გიორგი სააკაშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
"დღითიდღე უარესდება მდგომარეობა. თუ არ ვცდები, 14 დიაგნოზი აქვს დასმული და ბოლო სამ დღეში სამი დიაგნოზი დაემატა, რაც არის კატასტროფის ტოლფასი. სიცხეც აღენიშნება ბოლო 2-3 დღის მანძილზე. სუსტად არის ნამდვილად. საჭმელს ფაქტობრივად არ იღებს და აღნიშნა ლაპარაკის დროს რომ კლინიკაში შემოსვლის დღიდან დაკლებული აქვს 11 კილო, რაც ძალიან ბევრია. ვიზუალურად იგრძნობა, რომ არ გვაქვს საქმე ჯანმრთელ ადამიანთან", - ამბობს გიორგი სააკაშვილი.
ამასთან, "ემპათიას" ექსპერტებმა, სააკაშვილის მონახულების შემდეგ, განაცხადეს, რომ პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს დამატებითი კვლევები სჭირდება, რომლის ჩატარება ვივამედში შეუძლებელია.
"დაავადების სტადირება, სიმძიმის მიხედვით არის სამი სტადია, პირველი მეორე მესამე და მეოთხე არის სიკვდილი. მესამე სტადია გულისხმობს, რომ რამდენიმე ორგანოა დაავადებული ერთდროულად. რისკები დიდია მეოთხე სტადიაზე გადასვლის. ჩვენი პაციენტი იმყოფება მესამე სტადიაზე... თავის, ზურგის ტვინის, ნერვების დაავადება, გარდა ამისა, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადება და სხვა. საფეთქლის კუნთები განლეული იყო და დარჩა, ხელის კუნთები განლეული იყო და დარჩა, ბარძაყის კუნთების გარშემოწერილობა ოდნავ შემცირებულია..., - ამბობს ოთარ თოიძე.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" იმყოფება.