ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს.
ამის შესახებ ჯიჯეიშვილმა ცოტა ხნის წინ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირის მიმართ მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ, ცნობს თუ არა დამნაშავედ თავს განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობაში, ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა უპასუხა:
"მე დამნაშავედ იმაში ვცნობ თავს, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა", - თქვა პროცესზე ჯიჯეიშვილმა. მისივე თქმით, ხულიგნობის ნაწილს თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურა დავით ჯიჯეიშვილისა და კიდევ 7 დაკავებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
22 წლის დავით ჯიჯეშვილი, ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ 29 ივლისს დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 24 წლის მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პროკურატურამ სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე 1 პირს (დავით ჯიჯეიშვილს), ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურამ დავით ჯიჯეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლთ (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხუთ პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.