დღეს, თბილისში, სასტუმრო "თორში" იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ გახსნა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც სამართალმცოდნეობის მაგისტრანტების სტაჟირების პროგრამას ეძღვნება.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას იმ საზოგადოებრივი ადვოკატებისათვის, რომლებიც იურიდიული კლინიკების ფარგლებში სტაჟიორ სტუდენტებს ხელმძღვანელობენ.
შეხვედრას "თბილისელების ადვოკატის" წარმომადგენლებიც ესწრებიან.
სამუშაო შეხვედრას უძღვება სამართლის ექსპერტი - ჯიმ ტეილორი, რომელიც, საზოგადოებრივ ადვოკატებთან ერთად, განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სტაჟიორთა ზედამხედველობა, იურიდიულ კლინიკებში სტუდენტების როლი და კლინიკური სწავლების განვითარების სამომავლო სტრატეგიები. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეები ყოფილი სტაჟიორების მოსაზრებებსაც გაეცნობიან.
იურიდიული კლინიკის პროგრამა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ექვსთვიან კურსს მოიცავს. სტაჟიორები, საზოგადოებრივი ადვოკატების ხელმძღვანელობით, რეალურ კლიენტებს ხვდებიან და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტებს ამზადებენ. გარდა ამისა, მათ სასამართლოს, პროკურატურის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების მონახულების საშუალებაც ეძლევათ. სტაჟირების პროგრამის დასკვნით ფაზაზე სტუდენტები აწყობენ იმიტირებულ სასამართლო პროცესს, რომელიც სტაჟიორებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამართლებრივ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის წარმოჩენის საშუალებას იძლევა.
იურიდიული კლინიკების პროექტში, უკვე მესამე წელია, ჩართულია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის, ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის და ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტები. ამ ხნის მანძილზე იურიდიული დახმარების სამსახურში სტაჟირება აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების სამართალმცოდნეობის სამაგისტროს პროგრამის 60-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა. გასულ წელს სამი წარმატებული სტაჟიორი იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმდა. პროექტი "ღია საზოგადოება - სამართლებრივი ინიციატივის" (OშჟI) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.