აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა და ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა. ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და გატარებულ მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკურ ჩარჩოსა და ინფლაციის თარგეტირების რეჟიმს. 2021 წლის ივნისში ეროვნულ ბანკს გადაეცა საერთაშორისო გამოცემა Central Banking - ის ჯილდო, ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკის ნომინაციაში. ჯილდოს გადაცემამ ხაზი გაუსვა გაუმჯობესებულ კომუნიკაციას მონეტარული პოლიტიკის, ფინანსურ სტაბილურობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების მიმართულებით. იმავე გამოცემის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკს ასევე გადაეცა ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო რისკმენეჯერი. 2021 წელს "Global Finance" - მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მეოთხედ დაასახელა წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად", - აღნიშნულია საინვესტიციო გარემოს ანგარიშში.
დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან.
"საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს", - აღნიშნულია ანგარიშში.
საინვესტიციო გარემოს შეფასების ანგარიშში ასევე განხილულია საქართველოს საბანკო სექტორის განვითარება, რომელსაც ხელი შეუწყო საზედამხედველო პოცესებმა და რეგულაციებმა. ანგარიშის თანახმად: "საბანკო სისტემა არის სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი. ფინანსური სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის მყარ ბუფერებს პოტენციური საფრთხის წინააღმდეგ. უმოქმედო სესხების წილი (2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 5.2%) მცირდება. როგორც სსფ-ის 2021 წლის ფინანსური სისტემის სტაბილურობის შეფასებაშია აღნიშნული, საქართველოს საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკა და რეგულაციები მნიშვნელოვნად განვითარდა და დაიხვეწა და სრულ თანხვედრაშია ბაზელის/ევროკავშირის დირექტივებთან. მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, დოლარიზაცია სისტემისთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება, იმის გათვალისწინებით, რომ საკრედიტო პორტფელის დაახლოებით ნახევარი გაცემულია უცხოურ ვალუტაში, ძირითადად არაჰეჯირებულ მსესხებლებზე".
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსაც აფასებს: „2020 წელს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში აფასებს სებ-ის საზედამხედველო პროცესს და პრაქტიკას, როგორც ეფექტური შედეგების მომტანს. ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ საფინანსო ინსტიტუტები, ზოგადად, კარგად აცნობიერებენ რისკებს და არიან იმ მსხვილი საბანკო ან სხვა საფინანსო ჯგუფის ნაწილი, რომლებმაც დანერგეს დახვეწილი შიდა სისტემები და კონტროლები, რომლებიც ეფექტურად ამცირებენ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს".