საქართველოში არა მხოლოდ კონფლიქტური ზონების საზღვრებზე, არამედ რუსეთთან მთელ სასაზღვრო პერიმეტრზე მცოცავი ანექსია ხორციელდება. ამის შესახებ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" გაფართოებულ სხდომაზე ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ მთის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. კანონპროექტი მეცნიერებათა აკადემიის მიერ არის მომზადებული.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დროს საქართვლო 44 სასაზღვრო პუნქტს აკონტროლებდა, საიდანაც ახლა 24-ს უკვე რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს.
"შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მთა დაუცველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა თითქმის დაუცველია. თუ კანონი დროულად არ შემუშავდა, მთას მალე ყოველგვარი ომის გარეშე წაგვართმევენ", - აღნიშნა არეშიძემ და დასძიანა, რომ საზღვრის ცვლილებები შემდგომშიც მოსალოდნელია, რადგან არ არსებობს საზღვრების დემარკაცია და მთაში არსებული პირობების გამო, პრობლემებია დემოგრაფიული თვალსაზრისითაც.
მისი თქმით, ამ დროისთვის რუსეთთან 750-კილომეტიან საზღვარზე სულ 25 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
"რუსეთის მხრიდან საქართველოს საზღვრებს უკვე ოთხი გზა მოადგა და შემდგომშიც იგემება გზების მშენებლობის გაგრძელება, მათ შორის ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან სოხუმამდე, კოდორის ხეობის გავლით", - აღნიშნა მან.
არეშიძე ინიციატივით გამოდის, "მთის კანონის" ნაცვლად შესაძლებელია ახალ კანონს "საზღვრისპირა რეგიონების კანონი" დაერქვას, რადგან პარლამენტის მიერ მიღებულმა "მთის კანონმა" არ გაამართლა.