იოსებ გოგაშვილი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სუს-ის მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა, აღნიშნულიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.
სუს-მა სოსო გოგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის IV ნაწილით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მოსამართლის განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პერსონალური მონაცემების ხელყოფის (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის IV ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის III ნაწილი) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) ფაქტზე დაკავებულ იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა, წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარეობისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. შედეგად, დაირღვა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და დამატებით მიღებული ინფორმაციის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციისა და სამსახურის სხვა უფლებამოსილი დანაყოფების თანამშრომლების მიერ სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდა იოსებ გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული რვა საცხოვრებელი სახლისა და ოთხი ავტომანქანის ჩხრეკა.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, მის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ორი არარეგისტრირებული და სამი სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე, ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით მასალა, კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკა, ინფორმაციის მატარებელი სხვა ელექტრონული მოწყობილობები, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.
რაც შეეხება, საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებსა და ფრაგმენტულ ვიდეოკადრებს, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იოსებ გოგაშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების უზრუნველსაყოფად და ადგილზე მყოფი პირების მიმართ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები.
შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე იოსებ გოგაშვილს 2022 წლის 17 ივლისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს 2022 წლის 18 ივლისს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს მოპოვებული ნივთმტკიცებების შესწავლა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცოტა ხნის წინ, თბილის საქალაქო სასამართლომ სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 8 სექტემბერს ჩაინიშნა.
ამავდროულად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სოსო გოგაშვილის დაკავების ოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.