კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებსა და დირექტორატში გენდერული მრავალფეროვნების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში ცვლილების შეტანას გეგმავს. სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ცვლილების პროექტს სექტორს საკონსულტაციოდ სთავაზობს და დაინტერესებულ მხარეებს მოსაზრებებისა და კომენტარების გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია არსებულ საერთაშორისო პრაქტიკებთან და ტენდენციებთან.
გენდერული დივერსიფიკაციის მოთხოვნა (სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 20%-ის განსხვავებული სქესის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტება), “კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში“ პირველად 2018 წელს გაჩნდა. ამ მოთხოვნის შემოღება ძირითადად სხვადასხვა კვლევას დაეფუძნა. აღნიშნული კვლევების თანახმად, გენდერულ დივერსიფიკაციასა და რისკიანობას შორის უარყოფითი ურთიერთკავშირია. კვლევის მიხედვით, ქალები, საშუალოდ, უფრო მეტად არიან რისკის მიმართ ნეგატიურად განწყობილნი, ვიდრე მამაკაცები (დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიური ანგარიში; ჩანართი 3 - კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის პრინციპების მიმოხილვა).
2018 წელს კორპორაციული მართვის კოდექსში ჩადებული მოთხოვნის შედეგად:
2018 წლიდან დღემდე ქალ წარმომადგენელთა წილი სამეთვალყურეო საბჭოებში 21%-ით გაიზარდა;
ჯამურად, ქალ წარმომადგენელთა წილი (2022 წლის თებერვლის მდგომარეობით) 30% - ს შეადგენს, რაც ეროვნული ბანკის მოთხოვნას მნიშვნელოვნად აჭარბებს.
ამ შედეგისა და უახლესი საერთაშორისო პრაქტიკისა და ტენდენციების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია გენდერული მრავალფეროვნების მოთხოვნის კიდევ უფრო გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს ბანკებში კორპორაციულ კულტურის მიმართულებით გენდერული მრავალფეროვნების გაუმჯობესებას. კერძოდ, საკონსულტაციოდ გამოქვეყნებული ცვლილების მიხედვით, არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა, ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში განსხვავებული სქესის (უმცირესობაში მყოფი) წილი არანაკლებ 33%-ს უნდა შეადგენდეს, ხოლო არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივნისისა არანაკლებ 40%-ს. ამასთან, კოდექსს პირველად ემატება სარეკომენდაციო ჩანაწერი, ბანკების დირექტორატის შემადგენლობის მიმართ, რომლის მიხედვითაც, დირექტორატში სასურველია განსხვავებული სქესის (უმცირესობაში მყოფი) წარმომადგენელთა არანაკლებ 33%-იანი წილი.
ცვლილების პროექტი საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია policy@nbg.gov.ge - ზე 2022 წლის 10 აგვისტომდე.