რუსი ექსპორტიორები გათხევადებულ ნახშირწყალბადიან გაზს (LPG) ბულგარეთს ფოთის პორტის გავლით მიაწვდიან. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ფინანსურ ანალიტიკურ პლატფორმა "რეფინიტივ იკონზე" დაყრდნობით ავრცელებს. ეს გადაზიდვები, სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება.
„ფოთის პორტის გავლით გათხევადებული გაზის მიწოდება განიხილება იმის გამო, რომ სხვა საექსპორტო მარშრუტებით გაყიდვების შესაძლებლობა შეზღუდულია“, აცხადებს სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ინდუსტრიის წარმომადგენელი.
არსებული მონაცემებით, ბულგარეთი თვეში დაახლოებით, 30 000–35 000 ტონა თხევად გათხევადებულ გაზს მოიხმარს. თავად ყოველთვიურად 10 000 ტონას აწარმოებს, დანარჩენს კი რუმინეთიდან და რუსეთიდან იღებს.
გათხევადებული გაზის რუსეთის ქალაქ ურგუტიდან ფოთამდე სარკინიგზო გადაზიდვა და შემდეგ ფოთის პორტიდან ბორნით ვარნამდე ჩატანა 50%-ით ძვირი ჯდება, ვიდრე უკრაინის გგავლით ჯდებოდა. სურგითიდან 1 ტონა ტვირთის გადაზიდვა 260-280 დოლარი ღირს, ფოთიდან ვარნამდე ბორნის მომსახურება კი დამატებით 130-150 დოლარი.
რუსეთმა, რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში თხევადი აირის სარკინიგზო ტრანსპორტირება უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას შეწყვიტა. ომამდე ამ ქვეყნებს რუსული თხევადი გაზი უკრაინის გავლით მიეწოდებოდა.
უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთიდან თხევადი გაზის შესყიდვა შეწყვიტა ფინეთმა. გასულ წელს, უკრაინასა და ფინეთში, რუსეთმა თავისი თხევადი გაზის 25% გაიტანა.
ნავთობის თხევადი გაზი წარმომავლობის გარდა, გათხევადებული ბუნებრივი აირისგან, ტრანსპორტირების არჩევანისგანაც განხვავდება. ნავთობის თხევადი გაზის გადაზიდვა ტანკერებითა და ცისტერნებით არის შესაძლებელი, გათხევადებული ბუნებრივი აირი კი, როგორც წესი, მილსადენებით იგზავნება ან მისი შესანახად და გადასაზიდად, სპეციალიურად ამ მიზნისთვის დამზადებული ავზები გამოიყენება.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული ევროკავშირის სანქციები ამ დროისთვის არ ვრცელდება გაზის შეძენაზე.
წყარო: ამერიკის ხმა