დღეს დილით ირანის დედაქალაქ თეირანში ქალი სიკვდილით დასაჯეს. შახლა ჯახიდს ბრალად ედებოდა ფეხბურთელის ნასირ მამედხანის მეუღლის ლალა სახარხიზანის მკვლელობა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ისნა" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შახლა ჯახიდის განაჩენი სისრულეში თეირანის ციხე "ევინში" იქნა მოყვანილი. ქალი რვა წლის წინ დააპატიმრეს. იგი გამუდმებით მიმართავდა სასამართლოს და საქმის გადახედვას ითხოვდა, ამიტომაც მისი განაჩენის სისრულეში მოყვანა ამდენი წლის განმავლობაში ჭიანურდებოდა.
დღეს შახლა ჯახიდს განაჩენი ირანის სასამართლო სისტემის უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელის განკარგულებით სისრულეში მოიყვანეს.
შახლა ჯახიდისათვის განაჩენის შეცვლას ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტია" ითხოვდა.