მიკრობანკები იქნებიან საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ზედამხედველობას სრულად გაუწევს საქართველოს ეროვნული ბანკი, - აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა, სადაც ახალი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ქვეყანაში ახალი საფინანსო ინსტიტუტების გაჩენას ითვალისწინებს.
მინისტრის თქმით, მათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო ექნებათ.
„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ახალი კანონპროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტროში არის შემუშავებული ეროვნულ ბანკთან ერთად, ეს არის მიკრობანკების საქმიანობის შესახებ ახალი კანონი, რომელიც ახალი საფინანსო ინსტიტუტების გაჩენას ითვალისწინებს ქვეყანაში. ეს მიკრობანკები იქნებიან საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ზედამხედველობას სრულად გაუწევს საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც სხვა ბანკებთან მიმართებით. უბრალოდ, მათ ექნებათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს არის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა. მაგალითისთვის, თუ ბანკების შემთხვევაში არის 50 მილიონი ლარი, ხოლო მიკროსაფინანსო კომპანიების შემთხვევაში არის ერთი მილიონი ლარი, მიკრობანკის შემთხვევაში ეს იქნება 10 მილიონი ლარი. სხვადასხვა საზედამხედველო ფუნქციები იქნება შედარებით გამარტივებული, ვიდრე ეს ბანკებს აქვთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსების ძირითადი სეგმენტი არის მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობა. შესაბამისად, არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე ვისაც სურვილი აქვს, რომ მომავალში დარეგისტრირდეს, შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული მიკრობანკის სტატუსი მიიღონ და უკვე გაზრდილი შესაძლებლობებით დააფინანსონ მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყონ ახალი დაკრედიტების შესაძლებლობები“, - განაცხადა ხუციშვილმა.