ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ეუთოს მისიის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ასტანაში მიმდინარე ეუთოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
"ეუთოს უპირველესი მიზანი კონფლიქტების პრევენციაა. დავიწყოთ საქართველოთი. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს შეერთებული შტატები მხარს უჭერს. საქართველოს სურვილი ჰქონდა ეუთოს მისია გაგრძელებულიყო, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ორგანიზაციას ამ ტრიბუნიდან, რომ შეასრულოს თავისი საქმე - ეუთო უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოში, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულოს აგვისტო-სექტემბრის შეთანმება "ცეცხლის შეწყვეტის" თაობაზე", - განაცხადა კლინტონმა.
ამასთან, სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე თბილისის მზადყოფნას შეერთებული შტატები მიესალმება.
"იმედი გვაქვს, რომ ეს დაგვეხმარება ახალი დიპლომატიური საფუძვლების შექმნაში", - აღნიშნა კლინტონმა.
შეგახსენებთ, რომ ასტანაში, 21-ე საუკუნეში ეუთოს პირველი სამიტი მიმდინარეობს. მას ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების 61 წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის 26 პრეზიდენტი. სამიტზე ამ წუთებში ლიდერები სიტყვით გამოდიან. სამიტის მონაწილეებს კლინტონის გარდა უკვე მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელმაც გლობალური უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა. სამიტზე ცოტა ხანში სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტიც.