ლაგოდეხის შემდეგ ინფექციური დაავადება ჩუტყვავილა ახმეტის რაიონშიც გავრცელდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ვენერა თურქიაშვილმა განუცხადა, ჩუტყვავილით დაავადების 50 შემთხვევა 14 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოვლინდა.
„ახმეტის რაიონში, ნოემბრის თვეში, ჩუტყვავილით 50 ბავშვი დაინფიცირდა. დაავადება ძირითადად 14 წლამდე ასაკის ბავშვებშია გავრცელებული. ჩუტყვავილაზე ბავშვებს ვაქცინაცია არ უტარდებათ, რადგან მსუბუქი ინფექციური დაავადებაა და გართულებები იშვიათად ახასიათებს. ამ დაავადების ძირითადი სიმპტომები კანზე, წითელი, სითხით სავსე ბუშტუკების გამონაყარი და მაღალი ტემპერატურაა", - განაცხადა ვენერა თურქიაშვილმა.
მისივე თქმით, ჩუტყვავილა სწრაფად გადამდები ინფექციური დაავადებაა და მისი თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა დაინფიცირებული ადამიანის იზოლირება.