ტაჯიკეთის სამხრეთით ტერორისტული იატაკქვეშეთის ნეიტრალიზაციისკენ მიმართული ძალოვანი სტრუქტურების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე თვის დასაწყისიდან უკვე დაკავებულია აკრძალული რელიგიური-ექსტრემისტული პარტიის "ხიზბ უტ-ხატირის" 10 წარმომადგენელი, მათ შორის უზბეკეთის ორი მოქალაქე.
ტაჯიკეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები და ოპერატიული სამძებრო მასალები ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტშია გადაცემული. ყველა დაკავებულს წაყენებული აქვს ბრალი: დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობაში, რელიგიური შუღლის გაღვივებაში, საკონსტიტუციო წყობის ძალადობრივი გზით შეცვლის მოწოდებაში და ერთიანი ისლამური სახელმწიფოს (ხალიფატის) შექმნის მცდელობაში.
ტაჯიკეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, პირველად ინფორმაცია მათ ამ დაჯგუფების შესახებ, ჯერ კიდევ 1998 წელს მიიღეს.