რუსეთი და დასავლეთი ამჟამად ალტერნატივის წინაშე დგანან - ან უნდა მოილაპარაკონ სიღრმისეული პარტნიორობისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი სისტემის შესახებ, ან შეიარაღების ახალ მარათონში ჩაერთონ. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ფედერალური საკრებულოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ამ დარბაზში მინდა ღიად განვაცხადო, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენ გველის შემდეგი ალტერნატივა - ან ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში და შევქმნით თანამშრომლობის ერთობლივ მექანიზმს, ან ვერ მოვაღწევთ კონსტრუქციულ შეთანხმებას და შეიარაღების ახალი მარათონი დაიწყება. ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება ახალი დამრტყმელი სისტემების განთავსების შესახებ", _ განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ "სავსებით ცხადია, რომ ეს უკანასკნელი სცენარი ძალიან მძიმე იქნება".