4 დეკემბერს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი სეიდზი მაეხარა სამხრეთ კურილის კუნძულების მონახულებას გეგმავს. ეს ის კუნძულებია, რომლებსაც იაპონია თავის "ჩრდილოეთის ტერიტორიებად" მიიჩნევს. ეს განცხადება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ კუნძულების ყველაზე უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში ჩავა, საიდანაც სამხრეთ კუნძულების ნაწილი კარგ ამინდში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
იაპონური მედიის ინფორმაციით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ სამხრეთ კურილის კუნძულების მონახულებას ვერტმფრენით აპირებს, ისე, რომ თავისი ქვეყნის საჰაერო სივრცეს არ გასცდება.
შეგახსენებთ, რომ იაპონიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები მცირე ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის მიერ სამხრეთ კურილის კუნძულების მონახულების შემდეგ დაიძაბა. იაპონიამ არაერთგზის გააფრთხილა დიმიტრი მედვედევი, რომ კუნძულებზე არ ჩასულიყო, ვინაიდან იაპონია ამ კუნძულებს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. მედვედევი აღმოჩნდა პირველი ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციისა, რომელიც ამ კუნძულებზე მიუხედავად გაფრთხილებებისა ჩავიდა და თან განაცხადა¸რომ ეს რუსეთის ტერიტორიაა და რუსეთის პრეზიდენტი იქ ჩავა სადაც საჭიროდ ჩათვლის.
ამით გაღიზიანებულმა იაპონიამ მოსკოვიდან დროებით თავისი ელჩი გაიწვია. ამის შემდეგ მედვედევმა კვლავ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი კურილის კუნძულებზე ჩასვლას კვლავ აპირებდა.
იაპონიამ ამ განცხადების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს კვლავ მოუწოდა, რომ აღნიშნული ვიზიტისგან თავი შეეკავებინა.