დღეს დილით ბიშკეკის ცენტრში აფეთქება მოხდა. ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კოლმაი მუსაევის ინფორმაციით, აფეთქების სიმძლავრე 3 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყო.
სპეციალისტების განცხადებით, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში დისტანციური მართვის პულტით ან მობილური ტელეფონის გამოყენებით მოვიდა.
მუსაევმა ასევე განაცხადა, რომ ყირგიზეთის სპეცსამსახურების ხელთ არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობა იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ აფეთქება რესპუბლიკის სპორტის სასახლის სამხრეთ ნაწილის მხრიდან მოხდა. სპორის სასახლის შენობაში მიმდინარეობს სწორედ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევისა და მისი ახლობლებისა და ნათესავების სასამართლო პროცესი.
სულ განსასჯელი 28 ადამიანია. მათ ბრალად ედებათ 7 აპრილს ბიშკეკში მიმდინარე ოპოზიციის მიტინგის დახვრეტაში მონაწილეობა. მაშინ მომხდარი მოვლენების გამო 90 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე ასეული დაიჭრა.