ქვეყანაში არიან ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის პრაქტიკულად არ არსებობს საზღვარი, საზღვრები არის გადღაბნილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, ვის რა პირობას უყენებს ნიკა მელია, ნაკლებად საინტერესოა
"ვის რა პირობას უყენებს ნიკა მელია, ეს ნაკლებად საინტერესოა. ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პრაქტიკულად არ არსებობს საზღვარი, საზღვრები არის გადღაბნილი. ეს არის ობიექტური რეალობა. აქციის ჩატარება ყველას შეუძლია. „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკავებულია ქვეყნის საბოტაჟით, ეს დაიწყო მაშინ, როცა ე.წ. საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს და ძირს უთხრიდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. მოლოდინი მაქვს, რომ პროცესი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ჩართული, მას ექნება გარკვეული დესტრუქციული საბაბი და საფუძველი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, ნიკა მელიამ 9 ივნისს გამართულ ბრიფინზე "ქართულ ოცნებას" მიმართა, ორი კვირის ვადაში დაასრულოს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი.
ამავე დროს, მელიამ 20 ივნისს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსა.