რუსი დეპუტატები ინტერნეტგვერდ " WikiLeaks "-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში რუსეთის რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შედარებას ბეტმენთან და რობინთან პირად შეურაცხყოფად იღებენ და აცხადებენ, რომ აუცილებელია ამ დოკუმენტებიდან რუსეთის ხელისუფლებამ სათავისო დასკვნები გამოიტანოს.
"ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ დავინახოთ, სად არის ჩვენი ადგილი და როგორ გვეპყრობიან სინამდვილეში. სამიტებზე მხრებზე გვეფერებიან და კარგი განწყობით გვხვდებიან. ყოველივე ეს აშშ-ში ლიბერალურ განწყობილებებთანაა დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, ბარაკ ობამა ქვეყნის პრეზიდენტი არასოდეს იქნება", _ აცხადებს რუსეთის სათათბიროს დეპუტატი სერგეი აბელცევი.
მათი თქმით, ამერიკელი ჩინოვნიკები რუსეთის ხელისუფლებას პირისპირ უღიმიან, ხოლო ზურგსუკან ასეთ შეურაცხმყოფელ სახელებს არქმევენ. დეპუტატები არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ დოკუმენტებმა შესაძლოა რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გააფუჭოს.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტგვერდ " WikiLeaks "-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ცნობილი ხდება, რომ ამერიკელი დიპლომატები რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს პრემიერ პუტინის პოლიტიკურ მძევალს უწოდებდნენ.
ინტერნეტგვერდ " WikiLeaks "-ზე გამოქვეყნებულ მასალაში ასევე ნათქვამია, რომ "პრეზიდენტი მედვედევი არის რობინი - ბეტმენ პუტინთან შედარებით". მედვედევს ამერიკელი დიპლომატები ახასიათებენ, როგორც "უფერულ და უუნარო" პოლიტიკოსს, ხოლო პუტინს - "ალფა მამრს".