დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე სებ-ის 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) წლიური ანგარიში კომიტეტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინა.
ანგარიში ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს.
მომხსენებელმა ისაუბრა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკაზე; ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს განვითარებაზე; საბანკო ზედამხედველობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ფინანსურ განათლებაზე; ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის თაობაზე; საგადასახადო სისტემების ფუნქციონირებისა და სხვა საკითხებზე.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ინფლაციის მიზეზებზე, რომელიც ძირითადად COVID-19-ის გამო შექმნილი არაორდინარული გლობალური ვითარება იყო.
„მაღალი ინფლაციის მიზეზი მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა იყო, რაშიც სურსათის გაძვირება გამოირჩეოდა. პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო, მსოფლიოში 2021 წელს სურსათის საშუალო ფასები ბოლო ათი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზე იყო. მობილობის აღდგენასთან ერთად, გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და ფასები საერთაშორისო ბაზრებზე. მსოფლიოში ნავთობის ფასები წლის განმავლობაში თანდათან მატულობდა, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზეც აისახებოდა“- განაცხადა ფასების მატების ტენდენციასთან დაკავშირებით არჩილ მესტვირიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაცაა. მან საანგარიშო პერიოდში 2021 წ ინფლაციის აღმნიშვნელი შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლებიც წარადგინა. „ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს“- აღნიშნა მან. მისივე თქმით, - 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწის, მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებისა და რიგი საზედამხედველო მიმართულებების გაძლიერებისთვის აქტიურ მუშაობას განაგრძობდა. ბანკის მიერ შემუშავდა რეგულირებად სფეროში კონკურენციის საკითხების მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობა და გატარდა ღონისძიებები ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეულმა სამუშაომ საერთაშორისო აღიარება გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც მოიპოვა და 2021 წელს, ჯერ კიდევ მიმდინარე გლობალური პანდემიის უარყოფითი შედეგების გამკლავების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნებაში აისახა“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
ანგარიშთან დაკავშირებით კომიტეტის შესაბამისი დასკვნა ეროვნულ ბანკს რეკომენდაციებთან ერთად გადაეგზავნება.