შეერთებული შტატები არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხნას, უკრაინის პორტების ბლოკირებაზე მოსკოვის უარისა და უკრაინული მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის სანაცვლოდ. იტყობინება Politico ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ამ საკითხებზე რუსეთს განცხადებებს "გამოძალვის დიპლომატია" უწოდა და თქვა, რომ შეერთებული შტატები არასოდეს დათანხმდება შეთანხმებას, რომელიც კრემლზე ეკონომიკურ ზეწოლას მოხსნის.
Politico-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამერიკელი კანონმდებლები სკეპტიკურად უყურებენ რუსეთს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ იგი თითქოს მზადაა, ხელი შეუწყოს სასურსათო კრიზისის დაძლევას.
კერძოდ, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა წევრმა, სენატორმა ჯიმ რიშმა მოსკოვის მოთხოვნას, მარცვლეულის ექსპორტის სანაცვლოდ სანქციების მოხსნის თაობაზე, "შანტაჟი" უწოდა.
Politico-ს თანახმად, ვაშინგტონში ელოდებიან მიმდინარე მოლაპარაკებებს შედეგებს, რომელსაც მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, გაერო და თურქეთი მოსკოვთან აწარმოებენ.
ამასთან, გაეროში მომუშავე წყარომ Politico-ს უთხრა, რომ მარცვლეულის ექსპორტის დაკავშირება სანქციების მოხსნასთან ართულებს გაეროს ისედაც "მყიფე" მოლაპარაკებების პროცესს მოსკოვთან.
უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უკრაინის პორტებიდან სურსათის ექსპორტის ბლოკირებაში ადანაშაულებენ. მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უკრაინულ მარცვლეულზეა დამოკიდებული, რომლის გარეშეც მათ შიმშილობა ემუქრებათ.
რუსეთი აცხადებს, რომ პორტებიდან ექსპორტის შეფერხება, ერთი მხრივ, უკრაინის ხელისუფლების მიერ შავი ზღვის დანაღვმისა და მეორე მხრივ, საერთაშორისო სანქციების ბრალია.