ინტერნეტგვერდ " WikiLeaks"-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჯი, რომელიც წარმოშობით ავსტრალიელია, აშშ-ს საიდუმლო დიპლომატიური გზავნილების გამოქვეყნებისათვის, შესაძლოა, თავის ქვეყანაში სასამართლოს წინაშე წარდგეს.
ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი " The Australian " აქვეყნებს.
"ამ ინფორმაციის პუბლიკაციამ შესაძლოა ზიანი მოუტანოს ამ დოკუმენტებში ნახსენები ადამიანების უსაფრთხოებას და აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებსა და მათ მოკავშირეებს, მათ შორის ავსტრალიასაც", - განაცხადა ავსტრალიის გენერალურმა პროკურორმა რობერტ მაკკლელლანდმა.
მისივე ინფორმაციით, ავსტრალიის მთავრობამ უკვე შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწავლობს "თუ რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს " WikiLeaks "-ზე გამოქვეყნებულმა მასალებმა".
ამასთან ერთად, პროკურორი იმასაც განმარტავს, პუბლიკაციამ "პოტენციურად დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის რიგი მუხლები", ამიტომაც სულაც არ არის გამორიცხული, რომ ასანჯის საქმე სასამართლოსათვის იქნეს გადაცემული.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ გვერდ " WikiLeaks "-ის მიერ გამოქვეყნებულია 250 ათას საიდუმლო მასალაზე მეტი, დეპეშები და წერილები, რომლებსაც ამერიკული საელჩოები ვაშინგტონში აგზავნიდნენ.
" WikiLeaks "-სმა თავისი მასალები რიგ დასავლურ გამოცემებს მიაწოდა, რომლებმაც მათგან ამონარიდების გამოქვეყნება დაიწყეს. დოკუმენტებიდან ამონარიდებს აქვეყნებენ " The Guardian "-ი, " The New York Times "-ი, " Spiegel Online "-ი, " El Pais "-ი და " Le Monde".