უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული სასტიკი ომის ფონზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ივანოვოს ოლქში სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების წვრთნების დაწყების შესახებ იტყობინება.
სამინისტროს ცნობით, წვრთნებში სტრატეგიული სარაკეტო ძალების ტეიკოვსკაიას დივიზია მონაწილეობს, რომელშიც ჩართულია 1000 სამხედრო მოსამსახურე და 100-ზე მეტი ტექნიკა.
როგორც იუწყებიან, წვრთნებში გამოიყენებენ "იარსის" სტრატეგიულ სარაკეტო კომპლექსებს.
როგორც "ინტერფაქსი" აღნიშნავს, სტრატეგიული სარაკეტო ძალები რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მთავარი კომპონენტია და გამიზნულია შესაძლო აგრესიის ბირთვული შეკავებისთვის.
სტრატეგიული სარაკეტო ძალების შემადგენლობაში შედის სარაკეტო კომპლექსი "იარსი", რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება 11 000-მდე კილომეტრის მანძილზე.