რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით " WikiLeaks "-ის შეფასებების კომენტირებას ნაადრევად მიიჩნევს.
"იქამდე, ვიდრე ვინმეს განსჯი საჭიროა ტექსტის ორიგინალი ნახო, რათა დარწმუნდე, რომ სიტყვებისა და გამონათქვამების თარგმანი სწორია", - განაცხადა პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში.
ამას გარდა, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განმარტებით, "გასარკვევია, იმ დიპლომატებისა და ჩინოვნიკების დონეც, რომლებიც ვლადიმერ პუტინის შესახებ შეფასებებს აკეთებენ".
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ გვერდ " WikiLeaks ს"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ამერიკელი დიპლომატები რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს პრემიერ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ მძევალს უწოდებდნენ.
ინტერნეტგვერდ " WikiLeaks ს"-ზე გამოქვეყნებულ მასალებში ნათქვამია, რომ "პრეზიდენტი მედვედევი არის რობინი - ბეტმენ პუტინთან შედარებით". მედვედევს ამერიკელი დიპლომატები ახასიათებენ, როგორც "უფერულ და უუნარო" პოლიტიკოსს, ხოლო პუტინს - "ალფა მამრს".