რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე, ცნობილი რუსი მხედართმთავრის, ალექსანდრ სუვოროვის წმინდანად შერაცხვას ითხოვს. იუწყება "ამერიკის ხმა" Reuters-ზე დაყრდნობით.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანთა კანონიზაციის სინოდალური კომისიის თავმჯდომარე, ეპისკოპოსი პანკრატი ადასტურებს შოიგუს დაინტერესებას ამ საკითხის მიმართ.
ეპისკოპოს პანკრატის განცხადებით, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას სუვოროვის კანონიზაციის საკითხზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და პირადად მინისტრმა მიმართეს.
"ამ დიდი მეთაურის [სუვოროვის] პიროვნება, რა თქმა უნდა, მრავალი ადამიანის ყურადღებას იპყრობს", - დასძინა ეპისკოპოსმა.
ეპისკოპოს პანკრატის თქმით, რუსეთის პატრიარქი კირილი თავდაცვის მინისტრს დაჰპირდა, რომ ეს საკითხი განიხილება.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ეკლესია შეაგროვებს მასალებს სუვოროვის ცხოვრებაზე და "ინფორმაციას სასწაულმოქმედი ფაქტების არსებობის ან არარსებობის შესახებ".
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესების თანახმად, კანონიზაციის მთავარი კრიტერიუმია პირის სიცოცხლეში ან გარდაცვალების შემდეგ გამოვლენილი სასწაულების ნიჭი, ზოგიერთ შემთხვევაში კი უხრწნელი ნაშთების არსებობა.
ფელდმარშალი ალექსანდრ სუვოროვი (1730-1800) ცნობილი გახდა იმით, რომ სამხედრო კარიერის განმავლობაში არც ერთი ბრძოლა არ წაუგია
სუვოროვი ცნობილი გახდა რუსეთ-თურქეთის ომში (1789-1791) მონაწილეობით, იმპერატორ ეკატერინე II-ის მმართველობის დროს. მან ასევე სახელი გაითქვა იემელიან პუგაჩოვის (1773–1775) გლეხთა აჯანყების სასტიკი ჩახშობით.
ალექსანდ სუვოროვის სახელის აქტიურ განდიდებას ეწეოდნენ საბჭოთა კავშირში, მათ შორის პირადად სტალინი.