ავსტრიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნეისლმა რუსეთის ენერგოგიგანტის "როსნეფტის" დირექტორთა საბჭო დატოვა.
როგორც იუწყებიან, კნეისლმა დირექტორთა საბჭოს 20 მაისს, საკუთარი განცხადებით საფუძველზე დატოვა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კნეისლმა უარი თქვა კომპანიის დირექტორთა საბჭოში უფლებამოსილების მეორე ვადით გახანგრძლივებაზე.
"როსნეფტი" აღნიშნავს, რომ სამომავლოდ იმედოვნებს კნეისლთან თანამშრომლობას, როგორც "საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს".
კარინ კნეისლი "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობას 2021 წლის ივნისიდან იკავებდა.
გასულ კვირას კომპანიის დირექტორთა საბჭო დატოვეს გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შროდერმა და Nord Stream 2 AG (Nord Stream 2 ოპერატორი) აღმასრულებელმა დირექტორმა მათიას ვარნიგმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპაში მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდება დაიწყო.
ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისა და პუტინის მიმართ სიმპათიებით გამოირჩეოდა. ჯერ კიდევ მინისტრად ყოფნის პერიოდში, 2018 წელს კნეისლის ქორწილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა. ქორწილში კნეისლმა პუტინთან ერთად იცეკვა კიდეც.
2020 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ კარინ კნეისლიმ რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის, Russia Today-სთვის დაიწყო მუშაობა. გამოცემის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი იუწყებოდა, რომ კნეისლი საავტორო სვეტებს დაწერდა.