ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) იტყობინება, რომ 13 მაისიდან 21 მაისამდე მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის 92 შემთხვევა გამოვლინდა.
მიმდინარეობს კვლევა კიდევ სავარაუდო 28 შემთხვევაზე. ამ დროისთვის გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ვირუსული ინფექციის შემთხვევები დაფიქსირებულია12 ქვეყანაში.
შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, პირველ სამეულში მოხვდნენ პორტუგალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი (21-დან 30 შემთხვევამდე).
ინფიცირების შემთხვევები ასევე გამოვლინდა ავსტრალიაში, ბელგიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, შვედეთსა და შეერთებულ შტატებში.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება რამდენიმე კვირაში.
მაიმუნის ყვავილს პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი.
ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. ვირუსი ასევე ვრცელდება ადამიანებს შორის მჭიდრო კონტაქტით.
მაიმუნის ყვავილის ძირითადი სიმპტომებია გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა.
უმეტესწილად მსუბუქად მიმდინარეობს და ორიდან ოთხ კვირამდე ვადაში იკურნება. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.