20 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ექსპერტთა პანელის საგანგებო შეხვედრას გამართავს. იუწყება The Telegraph-ი.
გამოცემის ცნობით, საუბრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, ვირუსის გავრცელებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ვითარებას შეეხება.
ღონისძიებას, სავარაუდოდ, დაესწრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ რაიანი.
მაიმუნის ყვავილის დადასტურებული შემთხვევების შესახებ იუწყებიან ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა და ავსტრალია.
რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის შემთხვევები?
ბრიტანეთი: 20
იტალია: 2
გერმანია: 1
ესპანეთი: 21
ბელგია: 2
საფრანგეთი: 1
ავსტრალია: 1 დადასტურებული, 1 "სავარაუდო"
კანადა: 2
პორტუგალია: 14 დადასტურებული, 20 საეჭვო
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება რამდენიმე კვირაში.
მაიმუნის ყვავილს პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი.
ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავდების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.
მაიმუნის ყვავილის ძირითადი სიმპტომებია გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა.
უმეტესწილად მსუბუქად მიმდინარეობს და ორიდან ოთხ კვირამდე ვადაში იკურნება. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.