გამოცემა Forbes-ის თანახმად, წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" და არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი გახდა.
Forbes-ის მიხედვით, ბოლო 12 თვის განმავლობაში, მან გამოიმუშავა $130 მილიონი, საიდანაც $75 მილიონი იყო ხელფასი, დანარჩენი ($55 მილიონი) იყო შემოსავალი სარეკლამო ხელშეკრულებებიდან.
ამასთან, Forbes-ის ცნობით, პსჟ-ში მესის ხელფასი 22 მილიონი დოლარით ნაკლები აღმოჩნდა ესპანურ ბარსელონაში მიღებულ ხელფასთან შედარებით.
რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს ამერიკელი კალათბურთელი "ლოს ანჯელეს ლეიკერსიდან" ლებრონ ჯეიმსი. მან საანგარიშო პერიოდში 121.2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 41.2 მილიონი ხელფასის სახით მიიღო, $80 მილიონი კი სხვა შემოსავლებიდან.
მესამე ადგილზე გავიდა პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც 115 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი (95 მილიონი დოლარი), ამერიკელი კალათბურთელები სტივენ კარი (92.8 მილიონი) და კევინ დურანტი (92.1 მლნ), შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ($90.7), მექსიკელი მოკრივე კანელო ალვარესი ($90).
Forbes-ის მონაცემები ეფუძნება სპორტსმენების შემოსავალს 2021 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდში.