26 მაისიდან ევროპის ქვეყნებში თვითმფრინავით მიმავალ მგზავრებს აეროპორტსა და ბორტზე პირბადის ტარება აღარ მოეთხოვებათ.
SchengenVisaInfo-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) მიიღეს.
"მომავალი კვირიდან პირბადეები აღარ იქნება სავალდებულო საჰაერო გზით მოგზაურობისას, რაც ზოგადად შეესაბამება ევროპის მასშტაბით ეროვნული ხელისუფლების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ", - თქვა EASA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ კიმ.
კის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საჰაერო მიმოსვლის ნორმალიზების კუთხით. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მგზავრები უნდა მოიქცნენ პასუხისმგებლობით და ასევე პატივი სცენ გარშემომყოფთა არჩევანს.
"მგზავრმა, რომელიც ახველებს და აცემინებს, უნდა ატაროს პირბადე ახლოს მჯდომთა სიმშვიდის შესანარჩუნებლად", - დასძინა მან.
ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გააუქმა კორონავირუსისა გავრცელების აღკვეთის გამო დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობა, რათა ხელი შეუწყოს მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორს.