პოლონელი პოლიტიკოსები მიესალმებიან რუსეთის დუმის მიერ კატინში ათასობით ადამიანის დახვრეტასთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებას და აცხადებენ, რომ ეს რუსულ-პოლონური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
"ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია რუსეთის პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტის წინ", _ განაცხადა დუმის მიერ მიღებული განცხადების კომენტირებისას პოლონეთის სეიმის სპიკერმა გრეგოჟ სხეტინმა.
პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ კი აღნიშნა: "ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს კარგი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია".
ოპოზიციური პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი, თავის მხრივ, ელოდება "კონკრეტულ ნაბიჯებს" ამ განცხადების მიღების შემდეგ.
"იმ შემთხვევაში, თუკი ეს რაღაც პროგრესია, ძალიან კარგი, მაგრამ აქ ორიდან ერთია - ან აღიარებენ, იხდიან ბოდიშს და იხდიან კომპენსაციას ან არა. თუ არა, ეს ყველაფერი მხოლოდ საგარეო გამოვლინებაა", _ აცხადებს კაჩინსკი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ მიიღო დადგენილება, რომელშიც 1940 წელს კატინში პოლონეთის მოქალაქეების დახვრეტაზე პასუხისმგებლობა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას დააკისრა.
"კატინის დანაშაული ჩადენილი იყო სტალინისა და სხვა საბჭოთა ხელმძღვანელების პირდაპირი ბრძანებით", _ ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ "ღრმა თანაგრძნობა გამოხატა უსაფუძვლო რეპრესიების ყველა მსხვერპლის ახლობლის მიმართ".
რუსმა დეპუტატებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ მასობრივი მკვლელობების ტექნოლოგია" 1936-1938 წლებში კატინში დახვრეტილ ათასობით საბჭოთა მოქალაქეზე მუშავდებოდა.
თავის განცხადებაში რუსეთის დუმა გამოთქვამს იმედს "ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებისა, რომლებიც დემოკრატიულ ფასეულობებზე იქნება დამყარებული".
აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია გაგრძელდეს საარქივო დოკუმენტების შესწავლა და დაღუპულთა სიების დაზუსტება.
ამ განცხადებას ხმა მისცა ფრაქციებმა "ედინაია როსიამ", "სპრავედლივაია როსიამ" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". კომუნისტური პარტია ამ განცხადების წინააღმდეგ წავიდა.
2010 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა მიიღო განცხადება, რომელშიც კატინის მოვლენების ოფიციალურ ვერსიას "XX საუკუნის ერთ ერთი უმსხვილესი მითი უწოდა".
კომუნისტები დაჟინებით ირწმუნებიან, რომ არსებობს "უტყუარი, დოკუმენტალურად დასაბუთებული ფაქტები და მოწმობები" იმ ვერსიის სასარგებლოდ, რომლის თანახმად, პოლონელები გერმანიის საოკუპაციო ხელისუფლებამ დახვრიტა 1941 წლის შემოდგომაზე, ვერმახის მიერ სმოლენსკის ოლქის ხელში ჩაგდების შემდეგ.
არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ პოლონელების დახვრეტაში საბჭოთა ხელისუფლების მონაწილეობას. კერძოდ, აღმოჩენილია ბერიას წერილი სტალინისადმი, რომელიც 1940 წლის მარტშია დაწერილი. მასში არის შეთავაზება პოლონელი ოფიცრების დახვრეტის შესახებ.
საბჭოთა ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ საქმეში ჯერ კიდევ 1990 წელს მიხეილ გორბაჩოვმა აღიარა.
სულ კატინში დაახლოებით 22 ათასი პოლონელი დახვრიტეს, მათ შორის რამდენიმე ათასი ოფიცერი.