ევროპის მომავალი უკრაინის მომავალიცაა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენი დემოკრატიის მომავალი - ეს თქვენი დემოკრატიის მომავალიცაა", - აღნიშნა მან უკრაინისადმი მიმართვისას.
მანამდე ფონ დერ ლაიენმა "ტვიტერში" დაწერა, რომ ევროკომისია უკვე ივნისში შეეცდება თავისი მოსაზრება გამოთქვას ევროკავშირში უკრაინის წევრობის განაცხადის შესახებ.
8 მაისს G7-ის ქვეყნების ლიდერების ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც მიწვეული იყო უკრანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გამოქვეყნდა სპეციალური განცხადება, რომელშიც გამოხატული იყო უკრაინის მხარდაჭერა ყველა წამყვანი ეკონომიკის ქვეყნის მხრიდან.
კონკრეტულად, განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები უახლოეს კვირებში უკრაინისთვის გაზრდიან კოლექტიურ მოკლევადიან ფინანსურ მხარდაჭერას, რათა დაეხმარონ დაფინანსების დეფიციტის აღმოფხვრაში, ასევე შეიმუშაონ უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის გრძელვადიანი მხადაჭერისთვის ვარიანტები.
G7-ის ლიდერებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს, რომ „დიდი შვიდეული“ და უკრაინა „ერთიანნი არიან ამ რთულ დროს და ერთიანნი არიან თავიანთ მისწრაფებაში უზრუნველყონ უკრაინის დემოკრატიული და აღორძინებული მომავალი“.
„ჩვენ კვლავინდებურად ერთიანნი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, არ დავუშვათ , რომ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვოს. ყველა იმ ადამიანის ხსოვნის სახელით, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენი ვალია გავაგრძელოთ ბრძოლა დღეს, უკრაინის ხალხისთვის, ევროპისა და მსოფლიო საზოგადოებისათვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში.