ირანის პარლამენტი პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. აღნიშნული ინიციატივით ოთხი ირანელი დეპუტატი გამოვიდა, რომლებიც ირანის პრეზიდენტსა და მის მთვრობას კანონის 14 პუნქტის დარღვევაში ადანაშულებენ.
ირანული მედიის ინფორმაციით, პარლამენტის წევრებმა უკვე დაიწყეს ირანის პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმების შეგროვება. ამ ეტაპზე მათ 40 ხელმოწერა შეაგროვეს, იმპიჩმენტის პროცედურისთვის კი 74 ხმაა საჭირო.
ირანელი დეპუტატები მაჰმუდ აჰმადინეჯადს ცენტრალური ბანკიდან პარლამენტის ნებართვის გარეშე 590 მილიონის რეზერვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ამის გარდა, აჰმადინეჯადი პარლამენტის თანხმობის გარეშე ახორცილებდა ბენზინის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტს, რომლის საერთო ღირებულება 9 მილიონი დოლარი იყო. ირანელი დეპუტატები პრეზიდენტს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაშიც ადანაშულებენ.