ევროკავშირი უზრუნველყოფს, რომ "გაზპრომის" გადაწყვეტილებამ პოლონეთსა და ბულგარეთში გაზის მიწოდება შეწყვიტოს, მინიმალური გავლენა მოახდინოს ევროპელ მომხმარებლებზე. ორივე ქვეყანა უკვე იღებს საწვავს მეზობელი ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 27 აპრილს გაზის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის პასუხი "გაზპრომის" ქმედებებზე იქნება "მყისიერი, ერთიანი და კოორდინირებული".
ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საფრანგეთი, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, აპირებს, რაც შეიძლება მალე მოიწვიოს ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა, რათა განიხილონ შექმნილი ვითარება.
"დღეს კრემლმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის განხეთქილების დათესვა. ევროპაში რუსული წიაღისეული საწვავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, "გაზის მიწოდების შეწყვეტა არის ნაბიჯი, რომლითაც რუსეთი საკუთარ თავს ზიანს აყენებს".
"კრემლი აზიანებს რუსეთის ეკონომიკას, რადგან ისინი უარს ამბობენ მნიშვნელოვან შემოსავლებზე", - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი აქტიურად მუშაობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე.
"ჩვენ უკვე შევამცირეთ რუსეთიდან შემომავალი გაზის ნაკადი. და იმ გეგმებით, რაც მე აღვნიშნე, ჩვენ შევძლებთ უფრო სწრაფად გავხდეთ დამოუკიდებლები რუსული წიაღისეული საწვავისგან - და ეს იქნება საბოლოო და სამუდამოდ", - ხაზგასმით აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ გაზის საფასურის რუბლით გადახდა არის რუსეთის წინაარმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების დარღვევა.
შეგახსენებთ, 27 აპრილს რუსულმა ენერგოგიანტმა "გაზპრომმა" დაადასტურა, რომ გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე უარის თქმის გამო, პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.