თუ ვინმე შეეცდება, გარედან ჩაერიოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში და საფრთხე შეუქმნას რუსეთს, ჩვენი საპასუხო დარტყმა იქნება ელვისებური. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკანონმდებლო საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თუ ვინმე, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ ვინმე აპირებს, გარედან ჩაერიოს მიმდინარე მოვლენებში და შექმნას რუსეთისთვის სტრატეგიული საფრთხეები, მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენი პასუხი იქნება ელვისებური, სწრაფი", - განაცხადა პუტინმა.
"ამისთვის გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, ისეთი, რომლითაც ახლა ვერავინ დაიკვეხნის. ტრაბახს არ დავიწყებთ, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ მათ. და მინდა ამის შესახებ ყველამ იცოდეს", - აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ "ამ კუთხით ყველა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია".
პუტინის თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთის ეკონომიკურად დახრჩობის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
"(დასავლეთის ქვეყნებმა) მასიური მზადება დაიწყეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომისთვის - ეტაპობრივად, ყველანაირი საბაბით და ზოგჯერ უბრალოდ ყოველგვარი საბაბების გარეშე, მათ შემოიღეს უფრო და უფრო მეტი ახალი სანქცია. სხვათა შორის რუსეთის ეკონომიკური დახრჩობის გეგმები ჩაიშალა", - თქვა პუტინმა.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ომში ყველა მიზანი და ამოცანა მიღწეული იქნება და რუსეთი გაუძლებს მის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციებითა და უკრაინაში წარმოებული ომის ხარჯებით გამოწვეულ ეკონომიკურ ზეწოლას.