სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი "სიგიჟეს" უწოდებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, უიმბლდონის ტურნირიდან რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების მოხსნის გადაწყვეტილებას.
ჯოკოვიჩის მტკიცებით, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. მისივე თქმით, სპორტსმენებს არანაირი კავშირი არ აქვთ მიმდინარე კონფლიქტთან.
"მე ყოველთვის ვგმობ ომს, მე არასოდეს დავუჭერ მხარს ომს, იმიტომ რომ ომის შვილი ვარ. მე ვიცი რამხელა ემოციურ ტრავმას ტოვებს ეს. სერბეთში ყველამ ვიცით, რაც მოხდა 1999 წელს. ბალკანეთში უახლეს ისტორიაში ბევრი ომი გვქონია. თუმცა უიმბლდონის გადაწყვეტილებას ვერ დავუჭერ მხარს, მიმაჩნია, რომ ეს სიგიჟეა. როცა პოლიტიკა სპორტში ერევა, შედეგი არ არის კარგი", - თქვა ჯოკოვიჩმა.
შეგახსენებთ, გუშინ, დიდი სლემის ორგანიზატორებმა, All England Lawn Tennis Club-მა განაცხადა, რომ უკრაინის ომის ფონზე რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს ტურნირში მონაწილეობა აეკრძალათ.
უიმბლდონი არის პირველი მსხვილი ჩოგბურთის ტურნირი, რომელიც კრძალავს ორი ქვეყნის ინდივიდუალური სპორტსმენების მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ კაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგის ათეულში შემავალი (მე-2 ადგილი) დანიილ მედვედევი და ქალთა რეიტინგის ოცეულში შემავალი (მე-4 ადგილი) ბელარუსი არინა საბალენკა შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
უიმბლდონის ტურნირი 27 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით ლონდონში გაიმართება.