საქართველო არანაირად არ დაეხმარება რუსეთს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს.
"საქართველო არანაირად არ დაეხმარება რუსეთს. ამას ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა ბუჩა და ირპენი. კიევის რეგიონის ქალაქების მსხვერპლთა საშინელი ისტორია გულგრილს არავის დატოვებს. ისე, როგორც სარკეში, აქ რუსული ჯარის ნამდვილი სახე ჩანს", - წერს სტეფანჩუკი "ფეისბუქში".
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა. დღეს დილით, დელეგაციის წევრები უმაღლესი რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდნენ, შემდეგ კი ბუჩასა და ირპინში გაემგზავრნენ.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან შალვა პაპუაშვილი, დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია, ლევან იოსელიანი, ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.