ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს აღნიშნული კითხვარის მომზადების საქმეში, რათა ჩვენ დროულად, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ დოკუმენტის მომზადება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველომ 11 აპრილს ბრიუსელიდან მიიღო კონკრეტული კითხვარი, რომელიც ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის შემდეგი ნაბიჯია.
„ვგეგმავთ ჩვენს პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან აქტიურ კოორდინაციას ამ კუთხით. სულ რამდენიმე საათის წინ დავბრუნდი ჩეხეთიდან, სადაც ორმხრივი შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან. რა თქმა უნდა, მათთანაც ვისაუბრეთ ამ შესაძლებლობის მიმართულებით. ვაგრძელებთ სხვადასხვა მეგობარ ქვეყანასთან კონსულტაციებს, რათა მათი ცოდნა და გამოცდილება, რადგან მათ თავად გაიარეს ეს მნიშვნელოვანი პროცესი, მივიღოთ და გვქონდეს მათი მხარდაჭერა აღნიშნული კითხვარის შევსების პროცესში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.