უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ მარიუპოლში ათიათასობით ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ათი ათასობით სამხედროს თავმოყრას აგრძელებს ახალი იერიშის დასაწყებად დონბასის წინააღმდეგ.
"ყველაზე მძიმე სიტუაციაა მარიუპოლში... მარიუპოლი დანგრეულია. იქ ათი ათასობით ადამიანია დაღუპული. მაგრამ ამის მიუხედავად, რუსები არ ჩერდებიან და შეტევას აგრძლებენ. მათ სურთ მარიუპოლი დემონსტრაციულად განადგურებულ ქალაქად აქციონ", - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის საოკუპაციო არმიამ მარიუპოლი ალყაში მარტის დასაწყისში მოაქცია. უკვე მარტის შუა რიცხვებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქის 80-90 პროცენტი დანგრეული და ათასობით ადამიანია დაღუპული.
7 აპრილს მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქში დაღუპულია სულ მცირე 5 ათასი ადამიანი.
ომამდე მარიუპოლში 430 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ქალაქში 100 ათასამდე ადამიანი რჩება.