საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა და მსხვილმა უცხოურმა კომპანიებმა შაბათს, 9 აპრილს განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად 9 მლრდ დოლარზე მეტი გამოყვეს.
საერთაშორისო დონორთა კონფერენცია ვარშავაში ჩატარდა და მისი თანაორგანიზატორი, პოლონეთსა და კანადასთან ერთად, ევროკავშირი იყო.
"დღეს ჩვენ შევაგროვეთ 9.1 მლრდ ევრო ადამიანებისთვის, რომლებიც გაურბიან შემოჭრას - მათთვის, ვინც დარჩა უკრაინაში, ასევე მათთვის ვინც წავიდა საზღვარგარეთ. და იქნება უფრო მეტი! ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც Reuters აღნიშნავს, ამ თანხიდან 4.1 მლრდ ევრო შეადგენს საგრანტო დახმარებას, რომლის დაბრუნების ვალდებულება უკრაინას არ ექნება და რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩაირიცხება უკრაინის ბიუჯეტში. კიდევ 5 მლრდ ევრო გაიგზავნება კრედიტების სახით.
კონფერენცია მიეძღვნა ლტოლვილების დახმარების საკითხებს, თუმცა ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ასევე შეგროვდება სახსრები უკრაინის ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
"როგორც კი დაბომბვები შეწყდება, ჩვენ შევძლებთ უკრაინელ ხალხს ქვეყნის აღდგენაში დავეხმაროთ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.