ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი კიევში გაემგზავრნენ.
ფონ დერ ლაიენი და ბორელი კიევში მატარებლით, პოლონეთის ქალაქ პშემისლიდან გაემგზავრნენ, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 13 კილომეტრში მდებარეობს.
გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის უმაღლესი დონის დელეგაციაში, რომელმაც კიევში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან უნდა გამართოს შეხვედრა, ასევე იმყოფება სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი ედუარდ ჰეგერი და რამდენიმე ევროპარლამენტარი.
ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსია, რომელიც ეწვია უკრაინის დედაქალაქს კიევთან ბუჩაში ხოცვა-ჟლეტის შემდეგ.
ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტი წინ უსწრებს Stand Up For Ukraine-ის დონორთა კონფერენციას, რომელიც ჩატარდება ვარშავაში 9 აპრილს უკრაინელი ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის თანხების შესაგროვებლად. კონფერენცია ევროკომისიის ხელმძღვანელის, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს ინიციატივით გაიმართება.