რუსეთის ომსკის ოლქში ვერტმფრენ "მი-8"-ს ჩამოვარდნის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ვერტმფრენის ხისტი დაჯდომა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ "როსავიაცია" ავრცელებს. რომელიც აღნიშნული ტრაგედიის მიზეზად "არაკონტროლირებად ბრუნვას" ასახელებს.
"ვერტმფრენის დაჯდომის დროს არაკონტროლირებადი ბრუნვა მოხდა, რომლის შედეგადაც საფრენი აპარატი დაფრენის ადგილიდან 50 მეტრის დაშორებით გადააგდო. ამის შემდეგ ვერტმფრენი გადაბრუნდა, დაინგრა და ცეცხლი წაეკიდა", _ იუწყებიან "როსავიაციაში".
ამ დროისათვის საავიაციო კომიტეტის კომისია იქმნება, რომელმაც ამგვარი სიტუაციის შექმნის მიზეზი უნდა დაადგინოს.
"როსავიაციის" ინფორმაციით, "ნოვოსიბირსკის ავიასარემონტო ქარხნის" ვერტმფრენი სატრანსპორტო რეისს ასრულებდა და მის ბორტზე მუშები იმყოფებოდნენ, რომლებიც საბადოებზე მუშაობენ.