ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ეხმიანება რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩის შოკისმომგვრელ კადრებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი მოითხოვს, სასწრაფოდ დაიწყოს დამოუკიდებელი გამოძიება, რათა პასუხისგებაში მიეცნენ ომის დამნაშავეები.
"შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აუღწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის. სასწრაფოდ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებაა საჭირო. ომის დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი "ტვიტერზე".
ერთ-ერთი პირველი დასავლეთის ლიდერებთაგან, ვინც ბუჩაში გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი იყო.
ლიზ ტრასის განცხადებით, იზრდება მტკიცებულებების რაოდენობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი შემზარავი ქმედებების შესახებ.
მისივე თქმით, ლონდონი არ მოისვენებს, ვიდრე სამხედრო მეთაურები და პუტინის რეჟიმის ცალკეული პირები სასამართლოს წინაშე არ წარსდგებიან.
შეგახსენებთ, კიევის ოლქის ქალაქების გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ სამხედროებს უმძიმესი ვითარება დახვდათ. ქალაქების ქუჩებში მიმოფანტულია რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.
რუსი სამხედროები წამებით ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუპატიურებდნენ ქალებს. ქალაქ ბუჩის მერის განხადებით, უკვე დაკრძალეს 300-მდე ცხედარი, თუმცა ქალაქში უამრავი ცხედარი რჩება. უმძიმესი კადრები სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომლებიც გათავისუფლებულ დასახლებებში იმყოფებოდნენ.