რუსეთმა "თალიბანის" მთავრობის დიპლომატების აკრედიტაცია დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პირველი ავღანელი დიპლომატი რუსეთში ჯერ კიდეც თებერვალში ჩავიდა და საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტაცია მიიღო.
ლავროვის აზრით, თალიბანის ადმინისტრაცია" ახერხებს სახელმწიფოს შენარჩუნებას". ლავროვის თქმით, თალიბანის მთავრობის მთავარი პრობლემა "წარმომადგენლობითობის პრობლემაა".
ამასთან, ჩინეთში ავღანეთის მეზობელი ქვეყნების შეხვედრაზე, რომელშიც ავღანეთის არამეზობელი რუსეთიც მონაწილეობდა, თალიბებს ერთობლივ განცხადებაში მოუწოდეს, პატივი სცენ ქალთა, ბავშვთა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს, ასევე გადადგან ქმედითი ნაბიჯები ტერორისტული ძალებისგან განცალკევების მიზნით.
ექსტრემისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" ავღანეთში ძალაუფლება გასული წლის აგვისტოში ჩაიგდო ხელში. სექტემბერში თალიბანმა გამოაცხადა, რომ აკონტროლებს მთელ ავღანეთს და ქმნის დროებით მთავრობას. საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს თალიბანის მთავრობას.
რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ 2003 წელს "თალიბანი" რადიკალურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.
ფოტო: არქივი